წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა იწყება. წყალტუბოს
განახლების პროექტის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ისაუბრეს.
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ის მიმართულებები განმარტა, რომლის მოგვარებასაც წყალტუბოს რეაბილიტაციის პროცესში სახელმწიფო უზრუნველყოფს. სახელმწიფოს გეგმა 6 პუნქტისაგან შედგება, რაც წყალტუბოს რეაბილიტაციის გენერალური გეგმის მომზადებას, კურორტის ინფრასტრუქუტურის განვითარებას, სანატორიუმებში მცხოვრები დევნილებისათვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შეთავაზებას, კურორტის ერთიან მართვას, მარკეტინგული გეგმის მომზადებასა და განხორციელებას, სამკურნალო წყლის კერძო სექტორისათვის მიწოდების ერთიანი მოდელის ჩამოყალიბებასა და მართვას მოიცავს.
“ამ მასშტაბურ პროცესში სახელმწიფო 6 პუნქტის განხორციელებაზეა პასუხისმგებელი. ბიძინა ივანიშვილის შეთავაზების შემდეგ, წყალტუბო უნდა განვითარდეს არა ქაოტური ინიციატივებით, არამედ, როგორც ერთიანი კომპლექსი. თავის დროზე წყალტუბო დაგეგმილი იყო როგორც სპა კურორტი, მაგრამ ერთიანი სტრატეგია მისი განვითარების დღემდე არ გაგვაჩნდა. 2014 წელს წყალტუბოს განვითარების სტრატეგია დაიწერა, რომელიც უცხოელმა პარტნიორებმა შეასრულეს. მას დღეს სჭირდება დახვეწა და სწორედ ამიტომ ვიწყებთ ამაზე საუბარს,”-განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის მზად არის წყალტუბოში 22 სასტუმრო და 9 აბანო გამოისყიდოს და მათი სრული რეაბილიტაცია განახორციელოს. ივანიშვილი ამბობს, რომ ის ობიექტების ნებისმიერ ეტაპზე გასხვისებაზე თანახმაა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე