ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტში მე-9 ცვლილება შევიდა. როგორც ქუთაისის მერიის საფინანსო
პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ნიშნიანიძემ განაცხადა, ბიუჯეტის მოცულობა არ შეცვლილა და თანხები შიდა ეკონომიების ხარჯზე გადანაწილდა.
ცვლილებების მიხედვით, ააიპ “ბაგა ბაღების გაერთიანების” ბიუჯეტი 167 000 ლარით გაიზარდა.
“ცვლილებები განპირობებული იყო იმ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, რისი საჭიროებაც ბაღებში დადგა. გაზის კომპანიის მოთხოვნით, გათბობის ქვაბები აუცილებლად გამოტანილი უნდა იყოს გარეთ,”-განაცხადა ნიშნიანიძემ.
ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების ფარგლებში, მერიის სარეზერვო ფონდი 22 000 ათასი ლარით გაიზარდა, რომელიც, ნიშნიანიძის თქმით, სტიქიით დაზარალებულებისათვის ზარალის ანაზღაურებაში დაიხარჯება.
აღნიშნული ეკონომიები სოციალური საცხოვრისის მშენებლობის ასანაზღაურებელი თანხიდან გაკეთდა, რომელზეც ამ ეტაპზე სასამართლო დავა მიმდინარეობს. ნიშნიანიძე ამბობს, რომ პროცედურების ხანგრძლივობიდან გამომდინარე, 214 000 ლარის გადახდა მერიას მიმდინარე წელს არ მოუწევს.
კიდევ ერთი, 86 000 ლარის ეკონომია სოციალურად დაუცველი ოჯახების სახლების გადასახური პროგრამიდან გაკეთდა. აღნიშნული თანხიდან 50 000 ლარით ჭომაში სტადიონი რეაბილიტირდება, ხოლო 36 000 ლარით ქალაქში არსებული სამი საბავშვო ატრაქციონი მოეწყობა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე