ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის საკრებულოში ბოიკოტის დასრულებასა
და სხდომებზე დაბრუნებას გეგმავს. ფრაქციის წევრი, ბესიკ ბრეგაძე ამბობს, რომ ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ჩაერთვება. ბრეგაძე არ გამორიცხავს, რომ ფრაქციის წევრებმა სხდომებზე დასწრება საპროტესტო აქციებისა და პერფორმანსების ფონზე გააგრძელონ.
“აუცილებლად გავაქტიურდებით. მიუხედავად იმისა, რომ ის პირობა, რის გამოც ეს ნაბიჯი გადავდგით, არ შესრულებულა, ჩვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, რომელიც ახლა დაიწყება. ვფიქრობთ, არ ღირს ქუთაისის მომავალი გახარიას გადავაყოლოთ. ქალაქისათვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტას შევუერთდებით და ჩვენს აზრსაც დავაფიქსირებთ. არ გამოვრიცხავ, რომ მუშაობა პროტესტის, პერფორმანსებისა და პერმანენტული აქციების ფონზე გავაგრძელოთ. ჩვენ მუდმივად შევახსენებთ ამ ხელისუფლებას, რომ სათავეში არიან ადამიანები, რომელთაც “გავრილოვის ღამეს” ახალგაზრდებს ტყვია ესროლეს. თავისი საქმიანობით ისინი ჩვენს მომავალს კლავენ,”-აცხადებს ბრეგაძე.
ფრაქციაში ვერ აზუსტებენ, დაუბრუნდებიან თუ არა დეპუტატები 30 ოქტომბერს ჩანიშნულ სხდომას.
20-21 ივნისს, თბილისში განვითარებული მოვლენების გამო, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მთელი ქვეყნის მასშტაბით საკრებულოს სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა. მათი თქმით, ხელისუფლებაში იმ ადამიანების ადგილი არ არის, ვინც “გავრილოვის ღამეს” ახალგაზრდებს თვალები დათხარა.
ქუთაისის საკრებულოს დაუბრუნდა “ევროპული საქართველო”, რომელმაც სხდომებს ბოიკოტი “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად გამოუცხადა.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე