“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ქუთაისის პარლამენტის
მიტოვებული შენობისათვის ახალი ფუნქციების მინიჭების იდეა გააჟღერა. ნათელაშვილის აზრით, პარლამენტის შენობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრი უნდა განთავსდეს. გარდა ამისა, შენობაში ქუთაისის მშენებარე ტექნოლოგიური უნივერსიტეტი უნდა გადმოვიდეს.
“აქ მსოფლიო ინოვაციების ცენტრი გაიხსნება. აქვე განლაგდენა სტარტაპები და ტექნოპარკები. გადმოვა ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტური საცხოვრებლით. სტუდენტებს მიეცემათ სახელმწიფო სტიპენდიები და ქუთაისიდან დასრულდება სწავლაში ფულის კეთება. ქუთაისი მსოფლიოს სიამაყეა. გამოგონებები და ინოვაციები ამ მიწის ორგანული თვისებაა. სამრეწველო სტატუსიც უნდა დაუბრუნდეს ქუთაისს,”-განაცხადა ნათელაშვილმა.
რაც შეეხება პარლამენტის შენობისათვის თავდაპირველი სტატუსის მინიჭებას და ქუთაისში პარლამენტის დაბრუნებას, ნათელაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობას სურს ის, რაც ქალაქში სამუშაო ადგილებს შექმნის. მისივე განმარტებით, პარლამენტის შენობა ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს.
“მოქალაქეების უმეტესობა ითხოვს, რომ ქუთაისში სამუშაო ადგილები გაჩნდეს. კორუმპირებული და უსაქმური დეპუტატები ამ ქალაქს ხეირს ვერ მოუტანს. ოკუპირებულ ცხინვალთან უნდა აშენდეს პარლამენტის შენობა და ხალხის შრომით გამაძღარმა პარაზიტებმა იმ საქართველოს უნდა უყურონ, რომელიც იქით დარჩა,”-განაცხადა ნათელაშვილმა.
ხელისუფლებამ ქუთაისის პარლამენტის შენობაში საპოლიციო ჰაბის მოწყობა დააანონსა, თუმცა, ტერიტორია კვლავ მიტოვებულია.