ქუთაისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა სამი აუდიტორული მოკვლევა დაასრულა.
უწყებამ მერიის ააიპები და შპს-ები შეამოწმა, რომელთა შორისაა “ქუთგანათების სერვისი”, “მადლიერების სახლი” და “ქართული ტრადიციები”. როგორც აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი, ზვიად ჯავახია ამბობს, გამოვლინდა გარკვეული შეუსაბამობები და გაიწერა რეკომენდაციებით. ჯავახია კონკრეტულ მიგნებებს არ ასახელებს და ამბობს, რომ აღნიშნულის გასაჯაროებას კანონი კრძალავს, თუმცა, აცხადებს, რომ მოკვლევით სისიხლის სამართლის დევნის ან თაღლითობის მუხლით საქმის აღძვრის საჭიროება არ დგას.
“შევადგინეთ წლის გეგმა, რომლის მიხედვითაც, შიდა აუდიტის სამსახური იმოქმედებს. ამ ეტაპზე დასრულდა სამი აუდიტორული შემოწმება. გამოვლინდა გარკვეული მიგნებები, რომლებზეც გაიწერა რეკომენდაციები. ამჟამად მიმდინარეობს რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგი. კონკრეტულად მიგნებებზე ვერ გეტყვით, რადგან შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ კანონი ითვალისწინებს ანგარიშის არაგასაჯაროებას. ეს შიდა მოხმარების დოკუმენტია. პრობლემები შესაძლოა არის, როგორც ნებისმიერ ორგანიზაციაში, მაგრამ ეს არ ატარებს ხასიათს, რომელზეც შეიძლება სისიხლის სამართლის დევნა ან თაღლითობა აღიძრას,”-განაცხადა ჯავახიამ.
ქუთაისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა ფუნქციონირება თებერვლის თვიდან დაიწყო.
ფოტო: ინტერნეტ სივრცე