პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია
ქუთაისში მიტოვებული შენობების არსებობას აპროტესტებს. წულაია პარლამენტის შენობასა და მთავრობის სახლთან მივიდა და თქვა, რომ ხელისუფლება უფუნქციო შენობების შენახვაში თანხას წყალში ყრის. პარტიის თანათავმჯდომარე პარლამენტის შენობისათვის ფუნქციის მინიჭებას ითხოვს.
“ეს არის მიტოვებული შენობების მომდევნო სერია. ყველაზე გულსაკლავი არის ის, რომ ეს ორი დიდი შენობა, პარლამენტი და მთავრობის სახლი არის მიტოვებული. ამ შენობების შენახვა ბიუჯეტისათვის ხარჯებია. მიკვდება გული, რომ მილიონობით ლარი რიონს მიაქვს. რამდენ ხანს აპირებენ რომ შენობა უფუნქციოდ იყოს ? 10 წელი ? ამ ყველაფერს ხომ საზღვარი აქვს. ხელისუფლებასა და დეპუტატებს მინდა მოვუწოდო, მათთვის დანარჩენი საქართველო რომ არ არსებობს. ესეც საქართველოა და ამის გარეშე თქვენ არაფერი იქნებით. თბილისში გადაადგილება თქვენ არ შეგიძლიათ, ვეღარ გრძნობთ რომ იხრჩობით თბილისში. დაიხრჩობით მანამ, სანამ რეგიონებს არ მიაქცევთ ყურადღებას, სანამ არ შექმნით სამუშაო ადგილებს. როდემდე გინდათ, რადგან წინა ხელისუფლების აშენებულია, მიატოვოთ, დაანგრიოთ და გააუბედუროთ,”-ამბობს გოგი წულაია.
წულაიას განმარტებით, შესაძლებელია პარლამენტის შენობაზე მზის ბატარეების დამონტაჟება და ალტერნატიული ენერგიის გამომუშავება, საკონცერტო ან სპორტდარბაზის მოწყობა.
არასამთავრობო ორგანიზაცია “მმართველობითი მონიტორინგის ცენტრის” მედიაპროექტ “ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, უფუნქციოდ დარჩენილი პარლამენტის შენობის შენახვა ბიუჯეტს სოლიდური თანხა უჯდება. მიმდინარე წლის 8 თვეში შენობის კომუნალურ გადასახადებში 700 000 ლარია დახარჯული. ქუთაისში პარლამენტი იანვრის თვის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს. მთავრობის ინფორმაციით, ადგილზე საპოლიციო ჰაბი უნდა მოეწყოს, თუმცა, შენობას ფუნქციური დატვირთვა ამ დრომდე არ გააჩნია.
ფოტო: “ძველი ქალაქი”