მეშახტეების საპროტესტო აქციას ტყიბულის მერი და მერიის თანამშრომლები შეუერთდნენ.
ტყიბულის მერმა გაფიცულებს სოლიდარობა გამოუცხადა და თქვა, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნები სამართლიანი და კანონიერია.
“სოლიდარობას ვუცხადებ მეშახტეებს. ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდა ჩვენი ქალაქი. წელიწადი და ორი თვეა, რაც გაურკვეველ სიტუაციაში ცხოვრობს დიდი და პატარა. სექტემბრის თვეში ხელფასების გაუცემლობამ განსაკუთრებით დაძაბა სიტუაცია. ამ ადამიანებს საბანკო ვალდებულებები თუ სხვა ხარჯები აქვთ. სამწუხაროდ, ქალაქში მიგრაციის მაჩვენებელიც იზრდება. ეს ადამიანები მარტო მეშახტეები კი არა, ჩვენი მოქალაქეებიც არიან. საჯარო სამსახურის თანამშრომლებიც აქ არიან. მერია აგრძელებს მუშაობას,”-განაცხადა ტყიბულის მერმა თემურ ჩუბინიძემ.
ტყიბულში მეშახტეებმა საპროტესტო აქციები განაახლეს. მეორე დღეა გაფიცულები მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან იკრიბებიან. მეშახტეების მოთხოვნა უცვლელია. ისინი კუთვნილი ხელფასების დარიცხვას ამ დრომდე ელოდებიან. შახტიდან ამოსვლაზე უარს კვლავ აცხადებს 30 მუშა.