პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის
წინ როდინი მიიტანა და წყალი დანაყა. გოგი წულაიასთვის გაუგებარია, რატომ ყიდულობს მერია მაღალი გამავლობის ორ ჯიპს ან რატომ გადასცა თვითმმართველობამ მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ჭიათურის მერიას. “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასთან საუბარი წყლის ნაყვას ჰგავს და ისინი წინა ხელისუფლების შეცდომებს იმეორებენ.
“ესაუბრო ამ ხელისუფლებას არის ნაყო წყალი. წინა ხელისუფლების დროს 400 000 ლარი დახარჯეს მოედნის მოწყობაზე, რომელიც ზესტაფონს აჩუქეს და მათაც ვერაფერში გამოიყენეს. იგივეს აკეთებს ეს ხელისუფლებაც. ჭიათურას გადასცეს ავტომობილი და თვითონ კი ყიდულობენ. მთელი ქონება მათი ჰგონიათ. ასეთმა მიდგომებმა მიიყვანა ქუთაისი ამ მდგომარეობამდე. გარდა ამისა, საინტერესოა, რაში სჭირდება ქუთაისის მერიას მაღალი გამავლობის ჯიპი, როდესაც ქუთაისში ყველაზე მაღალი წერტილი 160 მეტრია. ალბათ, იძენენ იმისთვის, რომ ბენზინი დაწვან,”-განაცხადა წულაიამ.
ქუთაისის მერიამ მაღალი გამავლობის ორი ჯიპის შესაძენად 62 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. საკრებულოს ბოლო რიგგარეშე სხდომაზე კი დეპუტატებმა ჭიათურის მერიისათვის ერთი ავტომანქანის გადაცემას დაუჭირეს მხარი.
ფოტო: “ძველი ქალაქი”