ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩას, რომლის ქვეშაც ქერქულ ნარჩენებს მოიპოვებდნენ,
ექსპერტები სწავლობენ. როგორც ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ განაცხადა, კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ გახდება ცნობილი, როგორ მოხდება აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია.
“რაც შეეხება ჭანტურიას ქუჩას, მართლაც არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. იყვნენ ჩამოსული გეოლოგები, ექსპერტები და სულ მოკლე დროში გვეცოდინება, რა მიმართულებით წავიდეთ იმიტომ, რომ ქუჩას გამოცლილი აქვს ძირი. აქ ხდებოდა ქერქული ნარჩენების მიტაცება. უახლოეს დღეებში გვეცოდინება რა მიმართულებით განხორციელდება რეაბილიტაცია,”-განაცხადა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ.
ჭანტურიას ქუჩაზე გზა ბოლოს გასულ ზაფხულს, სატვირთო ავტომობილის გავლის შემდეგ ჩავარდა.
მერის განმარტებით, ქალაქის მასშტაბით 15 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.