ზესტაფონის მერია ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციისათვის დარჩენილი
სამუშაოების შესასრულებლად ტენდერს აცხადებს. ელექტრონული ტენდერში აუქციონის გარეშე წინადადებების მიღება 4 აგვისტოს დაიწყება და 9 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 557 177 ლარია.
მოედნის რეაბილიტაცია ყოფილი მერის პირობებში 2018 წლის 30 აგვისტოს დაიწყო და 2019 წლის 26 თებერვალს უნდა დასრულებულიყო. პროექტის ღირებულება 635 951 ლარს შეადგენდა. საბოლოოდ, რეაბილიტაციის დასრულების ვადამ გადაიწია და მერიას შესრულებული სამუშაოების ხარისხთანაც პრეტენზიები ჰქონდა, რის გამოც შემსრულებელ კომპანიას ხელშეკრულება გაუწყვიტა.
“რამდენიმე დღეში გამოვლინდება გამარჯვებული და შეუდგება სამუშაოებს. სამწუხაროდ, წინა კონტრაქტორმა დაარღვია დაკისრებული საპროექტო ვალდებულებები და შეუწყდა კონტრაქტი. აბსურდია, რომ თანხა არ არის ბიუჯეტში. მთლიანობაში ბიუჯეტი მილიონ ასი ათასი ლარით გავზარდეთ როგორც ინფრასტრუქტურულ, ასვე სოციალურ პროექტებზე. ის გავრცელებული ინფორმაციაც, რომ მუშებმა ანაზღაურების ვერ მიღების გამო მოედანზე დაგებული ფილები აყარეს, აბსურდია. როდესაც კომპანიამ დაკისრებული სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, მონიტორინგის ჯგუფმა შეამოწმა და გასცა განკარგულება, რომ მომხდარიყო იმ ფილების აყრა,”-განაცხადა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ.
დღეის მდგომარეობით ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე სამუშაოები შეჩერებულია და ტერიტორია გადაკეტილია.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”