ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭომ ერთი ახალი წევრი მიიღო.

წევრის შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდა. გამოცხადებულ კონკურსში მხოლოდ სამი განაცხადი დაფიქსირდა. საბჭო წევრებმა ღია კენჭისყრით ააიპ “ბაგა-ბაღების გაერთიანების” მე-13 ფილიალის ხელმძღვანელი, მაკა აბულაძე შეარჩიეს.

ასევე, საბჭომ ოთხი წევრობის სტატუსის მიღმა თანამშრომლობის მსურველი მიიღო. ორგანო შემდეგ პირებთან ითანამშრომლებს: მაკა ცერცვაძე (ორგანიზაცია PIN, პროექტის კოორდინატორი); თინათინ გელხვიიძე (კოალიცია “დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” შშმ პირთა მხარდაჭერისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი იმერეთი, კონსულტანტი); ნინო ცქიფურიშვილი (მასაჟისტ-რეაბილიტოლოგი); ანა ლეფსაია (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, სპეციალისტი).

გენდერულ თანასწორობის საბჭოში ახალი წევრის ასარჩევად განცხადებების მიღება 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა საკრებულოს წევრებსა და ქუთაისის მერიის თანამდებობის პირებს შეეძლოთ.

ამ დროისთვის გენდერული თანასწორობის საბჭო 19 პირისგან შედგება. დებულების საფუძველზე კი იგი მაქსიმუმ 21 ადამიანისგან შეიძლება დაკომპლექტდეს.

დარჩენილ ორ ვაკანტურ ადგილზე კონკურსი სექტემბერში გამოცხადდება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *