პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრმა გოგი წულაიამ ქუთაისში, პუშკინის ქუჩაზე
მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა პერფორმანსით გააპროტესტა. ქვაფენილის ნაწილი დააგო და განაცხადა, რომ ადგილზე მოსახლეობა პრობლემის მოგვარებას 4 წელია ითხოვს. წულაია ამბობს, რომ მერიამ სამუშაოები დღეს დილით მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ბრიფინგი დააანონსა. მისივე განმარტებით, ტურისტების 90 % პუშკინის ქუჩაზე გადაადგილდება.
“4 წელია, რაც ეს გზა გაფუჭებულია, ამ დროის განმავლობაში თვითმმართველობას არაფერი გაუგია. დღეს ბრიფინგი დავაანონსე და მადლობა სუსს რომ მისმენს და მადლობა ხელისუფლებას რომ რაღაცას ითვალისწინებს. ამ წვიმაში დაიწყეს გზის მოწესრიგება,”-განაცხადა გოგი წულაიამ.
პუშკინის ქუჩაზე იმყოფებოდა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილი. როგორც ყურაშვილმა განმარტა, ის დაგეგმილი ბრიფინგის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა. მისივე განმარტებით, სამუშაოები დაგეგმილი იყო და ქვაფენილის შეკეთება ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს.