მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქუთაისის მერია კვებითი
მომსახურებისათვის ხელშეკრულებებს მერიის მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულ კომპანიებთან აფორმებდა, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ლაშა გვენეტაძე ეხმაურება. გვენეტაძე “რეროს” მეწილეა, რომელთანაც მერიამ 2018 წლიდან დღემდე 8 რამდენიმეათასაიანი ხელშეკრულება გააფორმა.
“რეროს” აქვს იმხელა ამბიცია, რომ ათეულში კი არა სამეულში მოხვდეს მისი დახვეწილი გარემოთი და აქედან გამომდინარე, ის იღებს სტუმრებს ორმაისობის თუ სხვა დღესასწაულზე. ეს არ კეთდება ჩემი ინიციატივით. მე ვერანაირ კორუფციულ გარიგებას ვერ ვხედავ. ჩემი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად 5 დამფუძნებელი ვართ ამ ორგანიზაციის. მეც დეკლარაცია შევსებული მაქვს. წილის მინდობის ხელშეკრულებაც გაფორმებული მაქვს. დაცული მაქვს საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ყველა მოთხოვნა. ის, რომ მერიიდან “რეროსთან” ხელშეკრულებები ფორმდება, ამაში მე ვერაფერს ვერ ვხდედავ უჩვეულოს,”-ამბობს გვენეტაძე.
“ნიუპრესის” ინფორმაციით, 2018 წელს და მიმდინარე წლის 5 თვეში შპს რეროსთან” გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულებები ასე გამოიყურება: 3 000 ლარი, 9 200 ლარი, 674 ლარი, 2 000 ლარი, 3 000 ლარი, 1 500 ლარი, 2 000 და 8 000 ლარი, ჯამში, 29 374 ლარი.