“პოსტერუმ ქუთაისის” წევრებს ქუთაისის მერიის შენობაზე საპროტესტო
პლაკატები გააკრეს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ გაკრული პოსტერები შენობის დაცვამ ჩამოხია.
“გაიცანით 92 წითელარმიელიდან ერთ-ერთი”- მსგავსი შინაარსის პლაკატებზე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატების, გენადი მარგველაშვილისა და დიმიტრი მხეიძის სახელები იყო დატანილი. “პოსტერუმ ქუთაისის” წევრები ამბობენ, რომ ამ ფორმით მათ ქუთაისელებისათვის იმ მაჟორიტარების გაცნობა უნდოდათ, რომლებმაც ხმა არა მხოლოდ ნიკანორ მელიასათვის მანდატის შეჩერებას, არამედ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას მისცეს.
“ჩვენ ვაპროტესტებთ 92 წითელარმიელი დეპუტატის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მათ მიიღეს ნიკანორ მელიასთან დაკავშირებით. ის, რაც 27 ივნისს მოხდა, არ იყო მხოლოდ მელიასთვის მანდატის შეჩერება, ეს იყო სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა იმ ადამიანებისათვის, ვინც აპროტესტებდა “გავრილოვის ღამეს”. გვინდა, რომ ამ პროტესტით საზოგადოებას დავანახოთ ამ ორი დეპუტატის სახე და ვამხილოთ ისინი,”-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.