ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომებს ბოლო სამი თვეა ქალაქის მერი არ დასწრებია.
სხდომებზე არ დადიან სხვა გადაწყვეტილების მიმღები პირებიც, რომელთა შორის არიან მერის მოადგილეები.
“თუ არ მოისმენენ, წაიკითხონ”-ასე გამოეხმაურა საბჭოს ერთ-ერთი წევრი დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტილების მიმღები პირების არ ყოფნას.
როგორც საბჭოს მდივანი, ნუგზარ კოხრეიძე ამბობს, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საბჭოს საქმიანობის მიმართ ინტერესი შენელებულია. მისივე განმარტებით, საბჭოს ბოლო 6 თვის დასწრების სტატისტიკის მიხედვით, რამდენიმე სხდომაზე მერი, ხოლო ორ სხდომაზე არც ერთი გადაწყვეტილების მიმღები პირი არ გამოცხადებულა.
“როდესაც განვიხილავთ რიგ საკითხებს, რომლებზედაც გვჭირდება პასუხები, არ გვყავს ის ადამიანები, ვისთან ერთადაც შეგვიძლია გადაწყვეტილების მიღებაზე ვიმსჯელოთ. ჩვენ გვესწრება ხალხი, რომელიც უბრალოდ გვაწვდის ინფორმაციას. საბჭოს მიმართ დამოკიდებულება და ინტერესი რაღაც მომენტში შენელებულია. საბჭო არის ჩართულობის მექანიზმი, რომელმაც არაერთხელ აჩვენა, რომ მას სერიოზული შეცდომების პრევენცია შეუძლია,”-ამბობს ნუგზარ კოხრეიძე.
კოხრეიძე განმარტავს, რომ თუ საბჭოს გადაწყვეტილების მიმღები პირები არ ესწრებიან, კომუნიკაცია წერილობით ან სხვა პირების საშუალებით მიმდინარეობს, რაც არასწორია. მისივე თქმით, საკითხებზე მსჯელობა ცოცხალ რეჟიმში უნდა წარიმართოს და გადაწყვეტილების მიმღები პირები ვალდებული არიან სხდომებს ესწრებოდნენ.
დღევანდელ სხდომაზე საბჭოს წევრებმა ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები გააჟღერეს, რომლის გადაჭრის გზებზეც მსჯელობა არ ყოფილა.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”