კაფე “სავანეს” მეპატრონეების საპროტესტო აქციამდე, ობიექტის მესაკუთრეებსა
და მერიას შორის მიმდინარე დავაზე კომენტარი მერიის იურისტმა ირაკლი გიორგაძემ გააკეთა. მისი თქმით, სასამართლო სხდომაზე კაფე “სავანეს” წარმომადგენელმა 1996 წელს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება ქონების მართვის სააგენტოსა და კაფე “სავანეს” შორის წარმოადგინა, რომლითაც კაფე “სავანეს” მაშინდელ ხელმძღვანელს, აბესალომ ტურაბელიძეს ხუთი წლის ვადით სარგებლობაში გადაეცა კაფის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთი, ცენტრალურ ბაღის, სკვერის ნაწილი.
“ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მოიჯარე, ანუ კაფე “სავანე” ვალდებული იყო დაებრუნებინა და გადაეცა როგორც მიწის ნაკვეთი, ასევე მასზედ არსებული გაუმჯობესებანი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის. მიწის ნაკვეთის ანუ სკვერის მესაკუთრისათვის, ყოველგვარი საზღაურის გადახდის გარეშე. არსებობს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ვადაზე ადრე მოშლის ან ვადის გასვლის შემთხვევაში, ნაკვეთზე წარმოებული ყველა გაუმჯობესებანი მეიჯარეს, ანუ ქუთაისის მერიას გადაეცემა უსასყიდლოდ. ამავე ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ხელშეკრულება გაფორმებული იყო ხუთი წლის ვადით. თუ კი ხელშეკრულების გაგრძელებაზე იქნებოდა საუბარი, ამ შემთხვევაში კაფე სავანეს მესაკუთრეებს, მაშინდელ დირექტორს აბესალომ ტურაბელიძეს უნდა მოემართა არაუგვიანეს 50 კალენდარული დღით ადრე მერიისთვის და მოეთხოვა გაგრძელება, აღნიშნული მოთხოვნა არ ყოფილა. სასამართლო პროცესზე წარდგენილი იყო ჩვენს მიერ, როგორც ცენტრალური არქივიდან ასევე ეკონომიკის სამსახურიდან ცნობები და ინფორმაცია, რომ 1996 წლის ხელშეკრულება არ გაგრძელებულა და არანაირი ახალი ხელშეკრულება მიწის სარგებლობასთან დაკავშირებით არ გაფორმებულა, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, საიჯარო ურთიერთობის გასვლის შემდეგ მოიჯარე, ანუ მიწის ნაკვეთის მოსარგებლე ვალდებულია მიწის ნაკვეთი, თავისუფალ მდგომარეობაში დაუბრუნოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს”- განაცხადა ირაკლი გიორგაძემ.
მერიასა და კაფე სავანეს შორის დასრულებულ სასამართლო დავასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 16 ივლისს გამოცხადდება.