ნანა კოსტავას წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩაინიშნოს, სადაც “ოცნების” დეპუტატის საკითხს განიხილავენ და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ.
“ვითხოვთ, ნანა კოსტავა აუცილებლად წავიდეს საკრებულოდან. ასევე, მოხდეს ყველა საკრებულოს წევრის იდენტიფიცირება, ვინ დგას კოსტავას პოზიციაზე. მას ამომრჩეველი არ ჰყავს ქუთაისში, ვიღაცის მხარდაჭერით მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკრებულოდან არ წასულიყო,”-აცხადებს აქციის მონაწილე, გიზო ბანძელაძე.
“არ ვეთანხმები, რომ საჯარო მოხელეები სიძულვილის ენითა და ნიშნის მოგებით გვესაუბრებოდნენ. იმის ნაცვლად, რომ ტრაგიკულ შემთხვევას ნანა კოსტავა როგორც პოლიტიკოსი გამოხმაურებოდა და დაეწყო მსჯელობა იმაზე, თუ როგორ უნდა დავიცვათ ბავშვების უსაფრთხოება, კოსტავა გამოდის და ნიშნის მოგებით ესაუბრება საზოგადოებას. მივიჩნევ, რომ ჩემი გადახდილი გადასახადებიდან ასეთი მოხელეები ხელფასს არ უნდ იღებდნენ,”-განაცხადა აქციის მონაწილემ, გვანცა ლუკავამ.
შეგახსენებთ, ნანა კოსტავამ “ფეისბუკის” გვერდზე ტრაგიკულად დაღუპული გოგონას დის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” მის მიერ გამოქვეყნებული არაეთიკური პოსტის გამო რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა და კოსტავას ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს. კოსტავა გენდერული საბჭოდანაც გაუშვეს.