ნანა კოსტავას დღევანდელ გადაწყვეტილებაზე, რომ მან საკრებულოს
დატოვება გადაიფიქრა, კომენტარი საკრებულოს თავმჯდომარემ გააკეთა. ნიკა ლატარია განმარტავს, რომ საკრებულოს დეპუტატის გასაშვებად მეტი ბერკეტი არ აქვს და გადაწყვეტილება თავად კოსტავამ უნდა მიიღოს. რაც შეეხება ლატარიას მიერ გასულ დღეებში გაკეთებულ განცხადებას, რომ ის არ აპირებს კოსტავასთან ერთად მუშაობას, საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ფრაქცია შესაძლოა თავად დატოვოს.
“საკრებულოს არა გვაქვს არანაირი ბერკეტი, რომ დეპუტატს ვაიძულოთ დატოვოს საკრებულო. მან საკრებულოში დატოვა თანამდებობა. მე კვლავ ვიმეორებ ჩემს სიტყვებს, რომ მასთან ერთად მუშაობას არ ვაპირებ. ჩვენ ფრაქციაში ერთად ვართ, თუმცა, ვფიქრობ, რომ მასთან ერთად აღარ გავაგრძელებ მუშაობას. დანარჩენი თავად მას უნდა ჰკითხოთ. მე ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, რას გადაწყვეტს თავად ქალბატონი ნანა. შევიკრიბებით და ერთად გადავწყვეტთ, ვინ დატოვებს ფრაქციას,”-განაცხადა ნიკა ლატარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, ნანა კოსტავას გაწვევის უფლება მხოლოდ მოსახლეობას აქვს.
შეგახსენებთ, ნანა კოსტავამ “ფეისბუკის” გვერდზე ტრაგიკულად დაღუპული გოგონას დის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” მის მიერ გამოქვეყნებული არაეთიკური პოსტის გამო რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა და კოსტავას ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავმჯდომარის პოსტი დაატოვებინეს. კოსტავა გენდერული საბჭოდანაც გაუშვეს.