ჭიათურაში გაფიცულ მუშებსა და “ჯორჯიან მანგანეზს” შორის
შეთანხმება მიღწეულია.
კომპანიის ინფორმაციით, “ჯორჯიან მანგანეზი” უზრუნველყოფს თანამშრომელთა ხელფასების გაზრდას ორ ეტაპად, ჯამურად არანაკლებ 35%-ით, კერძოდ არაუგვიანეს 2019 წლის 01 ივლისისა მოხდება ხელფასის მატება 25%-ით, ხოლო ერთი წლის შემდგომ არაუგვიანეს 2020 წლის 01 ივლისისა მოხდება შემდგომი 10%-იანი მატება, ხელფასის დღეს არსებულ საბაზისო მაჩვენებელზე.
ასევე, “ჯორჯიან მანგანეზი” გააუმჯობესებს და განავითარებს შრომის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ ეფექტურ და პრევენციულ ღონისძიებებს.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების შემდეგ “ჯორჯიან მანგანეზი” დანერგავს კვების ინდივიდუალურად, თითოეული თანამშრომლისათვის დაფინანსების მოდელს, რაც გულისხმობს კვების თვითორგანიზებასა და თითოეული თანამშრომლისათვის თავისუფალი კვების რაციონის – თავისუფალი არჩევანის კომპანიის მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერას.
გარდა ამისა, “ჯორჯიან მანგანეზი” აანაზღაურებს საგაფიცვო პერიოდს; “ჯორჯიან მანგანეზი” განაგრძობს საწარმოო ინფრასტრუქტურის განახლებასა და მოდერნიზებას; გაფიცვაში მონაწილე მოშიმშილე პირების გამოჯანმრთელების პერიოდს “ჯორჯიან მანგანეზი” განიხილავს ანაზღაურებად დროებით შრომისუუნარობად და უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას.
ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. მაღაროში დასაქმებულებს მოქალაქეებიც შეუერთდნენ.