ბაღდათის მუნიციპალიტეტში არსებული მძიმე მდგომარეობის
შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “მშვიდობიანი საქართველოს” პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი ჩიგოგიძემ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ჩიგოგიძე ამბობს, რომ ბაღდათში მოსახლეობა მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს და მერი ბიუჯეტიდან სოციალურ დახმარებებს თანხის არ ქონის მიზეზით არ გასცემს, ამავე დროს კი თავად სოლიდურ თანხებს მივლინებებში ხარჯავს.
“უამრავი ადგილობრივი მიმართავს მერიას დახმარების თხოვნით. საუბარია ფულად დახმარებებზე, მედიკამენტებზე, საშეშე მასალაზე. ისინი სტანდარტულ პასუხს იღებენ, რომ ბიუჯეტში საკმარისი თანხები არ არის. მეორე დღეს ვხედავთ, რომ მერი და მისი მოადგილეები სხვადასხვა ქვეყანაში მივლინებებით მოგზაურობენ. დიდი თანხები არაფრის მომტან და უსარგებლო მივლინებებში იხარჯება. ოთხ თვეში დაახლოებით 30 000 ლარზე მეტია დახარჯული,”-აცხადებს ჩიგოგიძე და აღნიშნავს, რომ მივლინებების შესახებ მერი ერთადერთ განმარტებას აკეთებს, რომ აღნიშნული მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციას ემსახურება.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, გამორიცხული არ არის დღის წესრიგში ბაღდათის მერის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს. მისი განმარტებით, ბაღდათის მერიის აიპების საქმიანობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
“აიპების საქმიანობაში სერიოზული დარღვევებია და არაერთხელ მივმართეთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და ანტიკორუფციულ სააგენტოს. ზოგიერთი საქმე დასრულებულია, თუმცა ჩვენ შედეგებმა არ დაგვაკმაყოფილა,”-განაცხადა ჩიგოგიძემ.
როგორც ორგანიზაციის წევრი ამბობს, ბაღდათის საკრებულოს მიმართავს, რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას და მივლინებების საკითხზე მერის ანგარიშის წარდგენას მოითხოვს, რაზეც რეაგირება უკვე საკრებულომ უნდა მოახდინოს.
ბაღდათის მერიაში განაცხადეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავს აბსურდულ განცხადებაზე სხვა კომენტარს არ გააკეთებენ.