ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობისათვის წითელ წიგნში შეტანილი
ხეების მოჭრის ნებართვა გაიცა. საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით, ა(ა)იპ ასოციაცია ატუს, ქუთაისში საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობის განსახორციელებლად ეძლევა ნებართვა ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს, ანუ მოჭრას წითელ წიგნში შეტანილი 60 ძირი “იმერული მუხა” და ასევე წითელ წიგნში შეტანილი 49 ძირი “ძელქვა”.
ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მსგავსი ნებართვის გაცემა ნებისმიერ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა. მათივე განმარტებით, ტერიტორიაზე მეტწილად გამხმარი ხეები მოიჭრება და მათ ნაცვლად ახალი ხეები დაირგვება.
“ბუნებრივია, რომ ასეთი მასშტაბური ტიპის პროექტების განხორციელება გარემოზე გარკვეულ გავლენას ახდენს – მათ შორის, ხეების გარემოდან ამოღების ნებართვის გაცემა, ნებისმიერ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა. მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობის ძირითადი ნაწილი ტყის ზონისგან დაშორებით მიმდინარეობს, პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე, ჩვენც დავდექით გარკვეული რაოდენობის, მეტწილად გამხმარი ხეების ამოღების აუცილებლობის წინაშე. ამასთან, საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რომ გარდა კანონით გათვალისწინებული საკმაოდ მკაცრი საკომპენსაციო ღონისძიებებისა, პროექტის პირველივე დღიდან, თავად ინვესტორის ინიციატივა იყო ეკოსისტემის რეაბილიტაცია და ინტენსიური გამწვანება, რადგან სადერივაციო არხის გაჟონვა წლების მანძილზე იწვევდა ტყის მასიურ ხმობას. შესაბამისად, ამ საკითხზე ყალბი აჟიოტაჟი სრულიად მიუღებელია – ამ ტერიტორიაზე ათასობით ახალი ხე დაირგვება,”-ნათქვამია განცხადებაში.
60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა, რომელსაც ფონდი “ქართუ” აფინანსებს, 2016 წელს დაანონსდა.