ქუთაისის მერია ქალაქში 60 ერთეული მუნიციპალური ავტობუსის შემოყვანას გეგმავს.
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი გიორგობიანმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს მსჯელობა და შესაძლოა, მერიამ არსებული სატრანსპორტო საშუალებები ელექტროავტობუსებით ჩაანაცვლოს.
“მიჭირს კონკრეტულ თანხებზე საუბარი. დაახლოებით ავტობუსების შეძენას 7-8 მილიონი ევრო დასჭირდება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები დონორ ორგანიზაციებთან. მწარმოებელ კომპანიებთან წერილები გაგზავნილი გვაქვს, ველოდებით თითო ერთეული ტრანსპორტის ღირებულების დადგენას. არ გამოვრიცხავ, რომ სრულად ჩანაცვლდეს არსებული ტრანსპორტი და სრულად მოხდეს გადასვლა მუნიციპალურ ტრანსპორტზე,”-განაცხადა გიორგობიანმა.
საკითხს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი გიგა შუშანია გამოეხმაურა.
“კარგია ელექტრო ტრანსპორტი, მაგრამ საკითხავია ვინ მოაწყობს ინფრასტრუქტურას, რა თანხა დასჭირდება თითო ერთეულის შეძენას. სამწუხაროდ, ამ კითხვებზე პასუხი არ გვაქვს,”-განაცხადა შუშანიამ.
მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემა ქალაქში 2007 წელს გაუქმდა.
ამ ეტაპზე ქუთაისში 10 საავტომობილო ხაზია, რომელსაც 68 ავტობუსი ემსახურება. ქალაქში ფუნქციონირებს 160 მიკროავტობუსი.
ფოტო:ინტერნეტ სივრცე