საქართველოში იმუნიზაციის კვირეული აღინიშნება.
კვირეულის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი სამედიცინო დაწესებულებების, პოლიკლინიკების, სამშობიარო სახლების წარმომადგენლებს შეხვდა. დაჯილდოვდა იმუნიზაციის პროცესში აქტიურად ჩართული სამედიცინო დაწესებულებებიც.
“საქართველოში წითელას ეპიდემია გვაქვს, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ ჩაიტარონ აცრები. ვაქცინაცია უფასოა. დავიცვათ საკუთარი თავი და გარშემომყოფები,”-განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ.
საქართველოში 2019 წლის განმავლობაში არაგეგმიური იმუნიზაცია 130 000-ზე მეტ, ხოლო ქუთაისში 14 000-მდე მოქალაქეს ჩაუტარდა. როგორც გიორგიძე ამბობს, მაჩვენებელი შესასრულებელი გეგმის 50%-ს შეადგენს. მისივე განმარტებით, წითელას შეჩერება შესაძლებელი იქნება, თუ საქართველოში კიდევ 250 000, ხოლო ქუთაისის მასშტაბით 30 000-მდე მოქალაქე ჩაიტარებს იმუნიზაციას.
“სამწუხაროდ, კიდევ ფიქსირდება წითელას შემთხვევები. ყველაზე მაღალი მაჩვენებელია იმერეთის, კახეთის, სამეგრელოს რეგიონებსა და თბილისში,”-ამბობს გიორგიძე.
იმუნიზაციის კვირეულის აღნიშვნას იმერეთი 22 აპრილიდან შეუერთდა.