“მთავრობამ ბიუჯეტის შესავსებად თაღლითური სქემა მოიფიქრა,”-აცხადებენ გაერთიანებულ ოპოზიციაში.
“ძალა ერთობაშია” “ქართულ ოცნებას” ბიუჯეტის შევსების მიზნით მოქალაქეების მოტყუებაში ადანაშაულებს. ოპოზიციის წევრები ვარაუდობენ, რომ სახელმწიფო, ე.წ. საპენსიო რეფორმის ფარგლებში, დაახლოებით 200 ათასი მოქალაქისა და მათი დამსაქმებელი კომპანიების მოტყუებით დამატებით მილიონობით ლარის მობილიზებას აპირებს.
“საქართველოს მთავრობამ შეპირების მიუხედავად, სავალდებულო საპენსიო სქემაში მაინც ჩართო 40 წელს გადაცილებული დასაქმებულები იმ პირობით, რომ 3 თვის გასვლის შემდეგ მათ ექნებოდათ საპენსიო სქემის დატოვების საშუალება და გადარიცხული თანხა სრულად დაუბრუნდებოდათ უკან. საპენსიო სააგენტოდან მიღებული პასუხით ირკვევა, რომ თუ პიროვნება დატოვებს საპენსიო სქემას, თანხის დაბრუნებისას მის მიერ დაგროვებული თანხა დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით. ანუ ცალკე მოქალაქეებისთვის,¸ხოლო ცალკე კომპანიებისთვის დასაბრუნებელი თანხა დაიბეგრება 20%-ით,”-განაცხადა “ძალა ერთობაშია”-ს წევრმა გიგა შუშანიამ.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საპენსიო სქემაში მონაწილეობს 40 წელს გადაცილებული 200 ათასამდე დასაქმებული და ამ მანიპულაციით ბიუჯეტში დასაქმებულებისა და კომპანიების გადახდილი თანხებიდან რამოდენიმე მილიონი ლარი მოხვდება. მათივე ვარაუდით, საქართველოს მთავრობა და “ქართული ოცნების” ჩინოვნიკები დაგროვებულ თანხას საკუთარი კეთილდღეობისათვის გამოიყენებენ.