ქუთაისში ჭავჭავაძის ბაზრობაზე დასაქმებული მოვაჭრეების საპროტესტო აქციები გრძელდება.
ისინი საკასო აპარატების დადგმას აპროტესტებენ და ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეცვალოს.
მოვაჭრეები ამბობენ, რომ შემოსავალი შემცირებულია, რაც საკასო აპარატების შენახვას ვერ უზრუნველყოფს. მათი თქმით, ადგილზე მისულებს დღეს ბაზრის შესასვლელი დაკეტილი დახვდათ და მუშაობა ვერ შეძლეს.
“საკასო აპარატები თუ არ დადგით დახლებზე, კარები დაიკეტებაო. დღეს დაკეტილი დაგვხვდა კიდეც. არ გვიშვებენ სამსახურში. გვინდა მუშაობა, არ გვინდა საზღვარგარეთ წასვლა. ელემენტარული პირობები არ გვაქვს და კიდევ საკასო აპარატების დადგმას გვთხოვენ,”-ამბობენ მოვაჭრეები.
ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განმარტებით, მოვაჭრეებს სამუშაო ადგილებზე გასვლა თავისუფლად შეუძლიათ. მათი განცხადებით, დასაქმებულებს დაჯარიმების უსაფუძვლოდ ეშინიათ. ადმინისტრაციაში დაზუსტებით არ იციან, შეწყდება თუ არა საკასო აპარატების დადგმა. მათი თქმით, დღეს მიღებული ინფორმაციის მიხედვით, კანონი იცვლება და საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
მოვაჭრეები საპროტესტო აქციების გაგრძელებას კვლავ გეგმავენ და აცხადებენ, რომ ცენტრალურ გზას გადაკეტავენ. ისინი ქუთაისის მერთან შეხვედრასაც ითხოვენ და ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატებს პრობლემით დაინტერესებისაკენ მოუწოდებენ.
აქციას პარტია “თავისუფალი საქართველოს” წევრი გოგი წულაია შეუერთდა.