ქუთაისის მერიამ “ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს” ბეტონის ქარხნის მშენებლობისათვის 8090 მ2 უსასყიდლოდ გადასცა.
საკითხს მხარი ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე დაუჭირეს.
“მშენებლობა უნებართვოდ დაწყებული არ არის. ქარხანა არის გადასაადგილებელი. ჩვენ ვიყავით საქმის კურსში. მაგალითად, დღეს აშენებენ ერთ კორპუსს და ქარხანაც იმ ადგილზე იქნება, ხოლო შემდეგში სხვა ადგილას გადაიტანენ. ყველაფერი ჩვენთან შეთანხმებით მოხდა. უვადოდ გადაეცა ტერიტორია უნივერსიტეტს,”-განაცხადა ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა გიორგი გიორგობიანმა.
ფართის გადაცემამ ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გიგა შუშანიამ საკითხის გადადება მოითხოვა და განაცხადა, რომ უმჯობესი იქნებოდა მშენებლობის პროექტი “ქართუ ჯგუფის” წარმომადგენლებთან ერთად განხილულიყო.
“თვითმმართველობა ისე გადასცემს ქონებას, რომ ერთ კითხვასაც არ სვამს. მივიღეთ დაპირება, რომ უნივერსიტეტი სტუდენტებს 2019 წელს მიიღებდა, ახლა გვეუბნებიან რომ ნაკადის მიღება 2020 წლისათვის გადაიდო. დაგვპირდნენ 60 000 სტუდენტს და აღმოჩნდა რომ ჩამოვა 3 000 სტუდენტი. უკეთესი იქნებოდა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის მიეხედათ , სადაც 12 000 სტუდენტი სწავლობს,”-განაცხადა შუშანიამ.
საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის ბრალდებებს ქუთაისის მერმა უპასუხა. მისი განმარტებით, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მშენებლობა მიმდინარე წლის 15 მაისს დასრულდება. რაც შეეხება სამშენებლო პროცესის გაჭიანურებას, ჭიღვარიას განმარტებით, აღნიშნული პროექტის მიუნჰენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან შეთანხმებამ გამოიწვია.
ქუთაისში საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო.
ფოტო: მუხნარის ადმინისტრაციული ერთეული