ქუთაისში, თავისუფლების ქუჩის მეოთხე შესახვევში მცხოვრებლები მოუწესრიგებელ საგზაო ინფრასტრუქტურას აპროტესტებენ.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათს ქუჩაზე არსებული ორმოულები, განსაკუთრებით კი წვიმიან ამინდში, გადაადგილებას აფერხებს. მოსახლეობა გზის მოწყობას ითხოვს.
“დიდი ხანია, რაც გზის მოწესრიგებას ვითხოვთ. იმხელა გუბეები დგას, კიდეებსა და ღობეებთან ახლოს გვიწევს სიარული, რომ სახლამდე მივიდეთ. ქუჩაზე არც საწრეტი არაა, რომ წყალი გვერდით წავიდეს. 17-მდე ოჯახი იძულებულები ვართ, გუბეებში ვიაროთ,”-ამბობს ლაშა სულაბერიძე.
მოსახლეობა ამბობს, რომ მათ თხოვნით მერიას რამდენჯერმე მიმართეს, განცხადება დაწერეს, თუმცა უშედეგოდ.
მოსახლეობის პროტესტს პარტია “თავისუფალი საქართველო” შეუერთდა.
ადგილობრივები პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, საპროტესტო აქციების გაგრძელებას კვლავ გეგმავენ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აღნიშნული გზის პროექტირებაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. მათივე განმარტებით, გზის რეაბილიტაცია წლის ბოლოსთვის ან მომდევნო წლის გაზაფხულისთვის დაიწყება.
ფოტო: რადიო “ძველი ქალაქი”