აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის თავთან დაკავშირებით საუნივერსიტეტო კვირეული გაიმართება.
კვირეულს ხვალ, 12 მარტს, 1918-21 წლების ისტორიის ამსახველი ფოტოგამმოფენა და საქართველოს დამფუძნებელი კრების დეკრეტით გამოცემული ეროვნული ვალუტის “ქართული ბონის” გამოფენაა გახსნის. ღონისძიება ახალ საბიბლუითეკო კორპუსში 12 საათზე დაიწყება.
12:30 საათზე კი აწსუ პროფესორი ავთანდილ ნიკოლეიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე : “არზაყან ემუხვარი – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების აფხაზი დეპუტატი.
13 მარტს ახალი საბიბლიოთეკო კორპუსი 1918-21 წლებში ქუთაისში გამოცემული წიგნების გამოფენას დაეთმობა. ღონისძიება 12 საათზე დაიწყება. 12:30 საათზე კი აწსუ პროფესორი სულხან კუპრაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “ქუთაისელები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებაში”.
საუნივერსიტეტო კვირეული 14 მარტს დასრულდება. შემაჯამებელი ღონისძიება მცირე სამკითხველო დარბაზში 13 საათზე დაიწყება.
100 წლის წინ, 1919 წლის 12 მარტს გაიმართა პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა. კრება გაიხსნა 1919 წლის 12 მარტს, უხუცესი სოციალ-დემოკრატის, სილიბისტრო ჯიბლაძის სიტყვით. გარდამავალ პერიოდში, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დამფუძნებელი კრების შეკრებამდე, საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებდა საქართველოს პარლამენტად წოდებული საქართველოს ეროვნული საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობდა კარლო ჩხეიძე.
საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოში 1921 წლის 21 თებერვლამდე იარსება. გასაბჭოების შემდეგ, მისი წევრები მთავრობასთან ერთად, ემიგრაციაში განაგრძობდნენ მოღვაწეობას. საქართველოს რევკომმა 1921 წლის 24 მარტს გამოსცა დეკრეტი დამფუძნებელი კრების დათხოვნის შესახებ.