არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” წყალტუბოსა და ხარაგაულში მუნიციპალური
იურიდიული პირების ხელმძღვანელთა ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ წყალტუბოში ორმა, ხოლო ხარაგაულში ერთმა ხელმძღვანელმა დეკლარაციები არასრულად შეავსეს.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ინფორმაციით, წყალტუბოს ააიპ “საფეხბურთო კლუბი-სამგურალის” დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი შვილი, ლაშა სოფრომაძე არის შპს “ჰოთ-ბოუთის” 25%-იანი და შპს “ენემი გრუპ იმპორტსის” 7%-იანი წილის მესაკუთრე. ზაზა სოფრომაძემ დეკლარაცია 2018 წელს შეავსო.
დეკლარაცია არასრულად აქვს წარმოდგენილი ააიპ “წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის” დირექტორს თორნიკე ჯიქიას. მას 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ აუსახავს წყალტუბოს სოფელ ყუმისთავში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი.
რაც შეეხება ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, აქ დეკლარაცია არასრულად აიპ “ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების” დირექტორმა თეიმურაზ ფურცელაძემ შეავსო. მან დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი შვილი, პავლე ფურცელაძე არის შპს “აი პი კომპანის” 50%-იანი წილის მესაკუთრე.
არასამთავრობო ორგანიზაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მოუწოდებს, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.