თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლების ჭოგნარისა და გოდოგანის მოსახლეობა ჭოგნართან ახლოს ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს.
ადგილობრივები იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ნაგავსაყრელი დასავლეთ საქართველოს, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის მოსახლეობას მოემსახურება.
“დაბინძურდება წყალი, პირუტყვისთვის საკვები აღარ გვექნება, ვერ მოვიშორებთ მწერებს. იქ ნაგავი რომ დაიყრება ცხოვრებას ვეღარავინ შეძლებს. იქვე წყალსაცავია, რომლითაც მთელი ქუთაისი წყლით მარაგდება. არ გვაქვს გარანტია, რომ იქ რაიმე ნორმები იქნება დაცული. მითხარით ერთი ობიექტი მაინც, რომელიც საქართველოში სტანდარტების დაცვით გაკეთდა,”-აცხადებენ ადგილობრივები.
აქციის მონაწილეებს “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია შეუერთდა. მისი თქმით, ადგილზე ნაგავსაყრელის მშენებლობა წყლის მოწამვლასა და ფლორა-ფაუნის განადგურებას გამოიწვევს.
“ქუთაისიდან წაიღეს პარლამენტი, სამაგიეროდ მოგვიტანეს ნაგავსაყრელი. წარმოიდგინოს ქუთაისის მოსახლეობამ როგორ მოემართება ყოველ დილით ნაგვის მანქანები. როდესაც ხელისუფლება ევროპაზე საუბრობს, დამისახელეთ, ევროპის რომელ ქალაქშია ნაგავსაყრელი, ყველგან გადამამუშავებელი ქარხნებია, რომლებიც მოგებას ნახულობენ,”-განაცხადა გოგი წულაიამ.
ქუთაისთან ახლოს რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის დაწყება მარტში იგეგმება და წელსვე უნდა დასრულდეს.
როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, ქუთაისის გარდა ქვეყანაში 8 მსგავსი პროექტის განხორციელება იგეგმება.