ქუთაისის მერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ბრალდებებს პასუხობს.
“მე ვარ ხალხის მიერ არჩეული მერი. ჩვენ ვასრულებთ მოსახლეობის დაკვეთას. ქუთაისი უნდა იყოს ერთ-ერთი წარმატებული ქალაქი. ჩვენ სწორი გზით მივდივართ, ისინი ამას ხედავენ და არ აწყობთ. ჩვენ 2018 წელს 141 ობიექტი დავასრულეთ. შემოდგომაზე რეგიონალური განვითარების ფონდიდან კიდევ წამოვიღეთ დამატებითი თანხა. ამ ეტაპზე სამი ქუჩის რეაბილიტაცია წარმატებულად მიმდინარეობს და ამაში მოსახლეობაცაა ჩართული. 2019 წლისათვის კი გვაქვს სერიოზული გეგმები. წამოვწიეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ცენტრალური სკვერის, გალერეას რეაბილიტაცია, რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია. ძალიან მალე გვექნება წარმატებული ქალაქი,”-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
რაც შეეხება საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაკარგვას, როგორც ქუთაისის მერი ამბობს, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ქალაქს პარლამენტის ალტერნატივა ჰქონდეს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში არსებული ოპოზიციური პარტიები ქუთაისის მერის გადადგომას ითხოვენ. “ძალა ერთობაშიას”, “ევროპული საქართველოსა” და “ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელები მერს განცხადების დაწერისა და უფლებამოსილებაზე უარის თქმისაკენ მოუწოდებენ. პარტიების წარმომადგენლები ცენტრალურ ხელისუფლებასაც მიმართავენ და მერის გადაყენებას სთხოვენ. ოპოზიციის წევრები მიიჩნევენ, რომ გიორგი ჭიღვარიამ თანამდებობა არაკომპეტენტურობის, კორუფციის, ნეპოტიზმის, ქუთაისის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაკარგვისა და ქალაქში არსებული დაუსრულებელი პროექტების, მათ შორის თეთრი ხიდის გამო უნდა დატოვოს.