ქუთაისში არსებული ოპოზიციური პარტიები ქუთაისის მერის გადადგომას ითხოვენ.
“ძალა ერთობაშიას”, “ევროპული საქართველოსა” და “ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელები მერს განცხადების დაწერისა და უფლებამოსილებაზე უარის თქმისაკენ მოუწოდებენ. პარტიების წარმომადგენლები ცენტრალურ ხელისუფლებასაც მიმართავენ და მერის გადაყენებას სთხოვენ.
ოპოზიციის წევრები მიიჩნევენ, რომ გიორგი ჭიღვარიამ თანამდებობა არაკომპეტენტურობის, კორუფციის, ნეპოტიზმის, ქუთაისის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაკარგვისა და ქალაქში არსებული დაუსრულებელი პროექტების, მათ შორის თეთრი ხიდის გამო უნდა დატოვოს.
“გიორგი ჭიღვარიას მოღვაწეობის პერიოდში ქუთაისმა დაკარგა საპარლამენტო ქალაქის სტატუსი. სამაგიეროდ, დღეს მერმა შეიძინა კომიკური პერსონის სტატუსი. მერის მიერ განხორციელებული ყველა პროექტი არის ნაკლოვანი და დანაშაულებრივი. ბიუჯეტის სახსრები იხარჯება უმიზნოდ,”-განაცხადა “ლეიბორისტული პარტიის” წევრმა სამსონ გუგავამ.
“ქუთაისის მერმა ვერც ერთი დაანონსებული პროექტი ვერ დაიწყო. ერთადერთი, რაც განხორციელდა იყო თეთრი ხიდი და ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ შეიძლება ნახევარი მილიონი ლარი გამოყო ბიუჯეტიდან და შემდეგ ისტორიული ხიდი დააზიანო,”-განაცხადა “ძალა ერთობაშიას” წევრმა გიგა შუშანიამ.
“ქალაქის მერი ვერ გრძნობს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ვერ გრძნობს, რომ ქალაქი უმძიმეს მდგომარეობაშია. სკანდალის გარეშე ვერ ერთი პროექტი ვერ ხორციელდება, კორუფცია ყვავის. გიორგი ჭიღვარიამ უნდა დაწეროს განცხადება და ქუთაისის მოქალაქეებს მისცეს საშუალება, აირჩიონ ღირსეული ადამიანები,”-განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა დავით გოგისვანიძემ.
როგორც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი კონსულტაციებს გააგრძელებენ, თუ როგორ უნდა დაატოვებინონ მერს თანამდებობა.