ქუთაისის ცენტრალური ბაღის რეაბილიტაციის კონცეფცია შეიცვალა.
როგორც ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა, ბაღი მე-19 საუკუნის სტილში იქნება წარმოდგენილი.
“ცენტრალური ბულვარისადმი ხედვა საერთოდ შევცვალეთ და გვინდა, ბაღი მე-19 საუკუნის თემაში იყოს გადაჭრილი. თანამდეროვე სტილში მოწყობის გადაწყვეტილება შევცვალეთ, თუმცა, მოსახლეობას აზრს მაინც ვკითხავთ. ვფიქრობთ, ტურისტული ატრაქციის დამატებას. მაგალითად, დიუმას ძეგლის დადგმას. ტურისტებს ეს აინტერესებთ,”-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
ცენტრალური ბაღი სრულად რეაბილიტირდება. ბეტონის დეკორატიული ფილები შეიცვლება და მას სამფეროვანი გრანიტის ქვის იატაკი ჩაანაცვლებს. ასევე, განახლდება ძელსკამები. განახლება ელის პარკში არსებულ კაფესაც. შეიცვლება მისი ფასადი. განახლდება პარკში შესასვლელიც, რეაბილიტირდება კოლონადა და ბორდიულები. იგეგმება მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებაც. დასუფთავდება ბაღში არსებული ძეგლები და დამთვალიერებლებს ინფორმაციის მიღება ფირნიშების მეშვეობით შეეძლებათ. შადრევანი ისტორიულ იერსახეს დაუბრუნდება. გაზონებზე ახალი სხვადასხვა ფერის მცენარეები განთავსდება. გადაიბელება ხეებიც. ბაღში იმუშავებს უფასო wi-fi, დამსვენებლებისათვის მუსიკის მოსმენაც იქნება შესაძლებელი.