ქუთაისში 52 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადაეცათ. იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალი ბინის გასაღებები ჯანდაცვის მინისტრმა
დავით სერგეენკომ გადასცა. ბინები ახალაშენებულ კორპუსშია. მათგან 14 ერთოთახიანია, 26 ოროთახიანი, 12 კი სამოთახიანი. ამ ეტაპზე ბინები იმ დევნილმა ოჯახებმა მიიღეს, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ავარიულ სახლებში ცხოვრობდნენ.
“ეს ოჯახები იმის მიხედვით შეირჩა, რომ ისინი სიცოცხლისათვის საშიშ პირობებში ცხოვრობდნენ. მიხარია, რომ ეს ადამიანები ახალ წელს ახალ ბინებში შეხვდებიან. თუმცა, ეს არის მცირე ნაწილი. მინდა გითხრათ, რომ ქუთაისში ბინა მომავალ წელს 400-ზე მეტ დევნილს გადაეცემა, რეგიონში კი 750-ზე მეტს,”-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
ახალაშენებულ კორპუსში ბინა დევნილმა ზაირა ვეკუამაც მიიღო, რომელიც საცხოვრებელს 25 წელი ელოდა.
“კოჩარიდან ვარ დევნილი. 25 წელი ველოდი საცხოვრებლის გადმოცემას. ვცხოვრობდით უმძიმეს პირობებში. მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული. 8-სულიანი ოჯახი ვართ და ორი ოროთახიანი ბინა გადმოგვცეს,”-განაცხადა ზაირა ვეკუამ.
2013 წლიდან დღემდე იმერეთის რეგიონში ახალაშენებულ და რეაბილიტირებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი 1300-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა.