ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მერაბ მეშველიანი მერიის საბინაო სამსახურის გაუქმებას აპროტესტებს.
მერიაში დაანონსებულ რეორგანიზაციაზე კომენტარი “ევროპული საქართველოს” წევრმა ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე მე-7 სხდომაზე გააკეთა. მერაბ მეშველიანი მიიჩნევს, რომ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, სამსახური არ უნდა გაუქმდეს, არც რომელიმე სამსახურთან გაერთიანდეს და მან დამოუკიდებლად უნდა იარსებოს.
“მივმართავ მერიას, მეტი იმსჯელონ სამსახურის გაუქმების საკითხზე. ვფიქრობ, ქალაქისათვის ეს საკითხი მნიშვნელოვანია. ამ სამსახურის გაუქმება მეტ პრობლემებს გამოიწვევს. პირიქით, უნდა ხდებოდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობა,”- განაცხადა მერაბ მეშველიამმა.
ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის დაწყება ოპოზიციურმა პარტიებმა რამდენჯერმე გააპროტესტეს. როგორც მათ განაცხადეს, თანამშრომელთა გათავისუფლება და დაწინაურება პოლიტიკური ნიშნით იგეგმება. მათივე განმარტებით, რეორგანიზაცია ახალი წლიდან დაიწყება.