“ალმა რუს საქართველოს”, რომელიც თეთრი ხიდის რეაბილიტაციას ახორციელებდა,
ქუთაისის მერიისათვის 185 000 ლარის დაბრუნება მოუწევს. კომპანიას ხელშეკრულება გუშინ, 5 დეკემბერს ცალმხრივად შეუწყდა. როგორც ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილი აცხადებს, ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოები გახდა. კომპანიას თანხა 5 დღის ვადაში უნდა დააბრუნოს.
“სამუშაოები უნდა შესრულებული ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, ვინაიდან ვერ მოხდა ამ სამუშაოების დასრულება, შეწყდა ხელშეკრულებაც. ასევე, მონიტორინგის ჯგუფს ხარისხთან დაკავშირებით აქვს პრეტენზიები. 5 დღის გასვლას დაველოდებით და მივმართავთ სამხარაულის ექსპერტიზას. პრეტენზიები არ გვაქვს ხიდის მდგრადობასთან დაკავშირებით,”-განაცხადა ბექა ყურაშვილმა.
ქუთაისის მერიას “ალმა რუს საქართველოსთვის” 290 000 ლარი აქვს გადარიცხული. სწორედ აღნიშნული თანხიდან მოუწევს მას 185 000 ლარის დაბრუნება.