ქუთაისის მერიაში “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევას ეხმაურებიან.
კვლევის მიხედვით, 2016 წლის იანვრიდან დღემდე, “პარკინგსერვისს” იჯარის სახით მერიის ბიუჯეტში ჯამში 1 390 245 უნდა გადაეხადა, თუმცა, 2018 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, მხოლოდ 149 999 ლარია გადახდილი. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მერია საიჯარო თანხის გადაუხდელობაზე არ რეაგირებს და არც კომპანიის მართვის ან ხელშეკრულების პირობების ცვლილებას აპირებს.
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის უფროსის გიორგი გიორგობიანის განმარტებით, კომპანიას დავალიანება მოქალაქეთა გადაუხდელი ჯარიმების გამო წარმოექმნა. მისივე თქმით, დავალიანების არსებობა არაეფექტური მენეჯმენტით არ არის გამოწვეული.
“წარმოქმნილი დავალიანება გამოწვეულია იქედან, რომ ქუთაისში მოქალაქეების 70 % პარკირების გადასახადს არ იხდის. საჭიროა სარეკლამო და მარკეტინგული კუთხით მუშაობა, რომ მოქალაქეებმა შეიძინონ პარკირების ბილეთები. ჩვენი მიმართულება არ არის ის, რომ მოქალაქეები ვაჯარიმოთ. ჩვენ არასდროს ვფიქრობთ იმას, რომ შპს მომგებიანი მოქალაქეების დაჯარიმების ხარჯზე გახდება. უნდა ამაღლდეს მოსახლეობის ცნობიერება, რომ არსებული მოსაკრებლით ქალაქის ბიუჯეტი შეივსება და ქალაქსვე მოხმარდება,”-განაცხადა გიორგობიანმა.
როგორც მერიის წარმომადგენელი განმარტავს, “პარკინგსერვისისათვის” დავალიანების გადანაწილება გეგმა-გრაფიკის მიხედვით მოხდება.