2019 წლის პირველი იანვრიდან ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედება იგეგემება.
რეფორმის შესახებ საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა ქუთაისში ისაუბრეს. საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილის გიორგი ჭიჭინაძის განცხადებით, ახალი რეფორმა მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად შემუშავდა.
ახალი რეფორმის განხორციელებაში მონაწილეობას სამი მხარე იღებს: დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო. წინასწარი პროექტის მიხედვით, დასაქმებული და დამსაქმებელი ფონდში რიცხავს ყოველთვიური ხელფასის 2%-ს, სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან იღებს 2%-ს და მას საპენსიო ფონდში რიცხავს. საბოლო ფორმულის მიხედვით, 2%+2%+2%, ყოველთვიურად დასაქმებულის მთლიანი ხელფასის 6% დაიზოგება. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ფონდში 4 %-ს გადარიცხავენ.
საპენსიო სქემაში ავტომატურად ერთვება 55 წლამდე ასაკის მამაკაცები და 60 წლამდე ასაკის ქალები. 40 წელს ზევით მოქალაქეებს შეეძლებათ თავად აირჩიონ დარჩნენ თუ არა სქემაში. მათ სისტემის დატოვება სამი თვის ვადაში, განცხადების საფუძველზე შეეძლებათ.
რაც შეეხება დაზოგილი თანხების უსაფრთხოებას, საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე განმარტავს, რომ დღესდღეობით საბანკო სისტემა მყარია და რისკები არ არსებობს.
საქართველოში 73 000 პენსიონერია.