ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის მიმდინარეობას ადასტურებენ და აცხადებენ,
რომ რეორგანიზაციის პროცესი სამსახურების ოპტიმიზაციის მიზნით დაიწყო. თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ თანამშრომლების გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით არ განხორციელდება.
“2018 წლის დასაწყისში მერიაში რეორგანიზაცია ჩატარდა, რომლის შედეგად დამტკიცდა მერიის ახალი სტრუქტურა, რომელთა მუშაობამ ნათელყო, რომ მერიისა და მისი სამსახურების გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მოხდეს სტრუქტურის კიდევ უფრო მეტად ოპტიმიზაცია. რეორგანიზაცია თავის თავში ნამდვილად არ გულისხმობს ვინმეს სამსახურიდან გაშვების აუცილებლობას. კანონის თანახმად, თუკი რეორგანიზაციის დროს მოსალოდნელია შტატების შემცირება, საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია ამის თაობაზე წერილობით აცნობოს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს. განხორციელდება თუ არა შტატების შემცირება, ჯერჯერობით უცნობია, ამის თაობაზე წინადადებები უნდა მოამზადონ სამსახურის უფროსებმა, რის თაობაზეც დავალება რეორგანიზაციის დაწყების ბრძანების საფუძველზე სამსახურის უფროსებზე გაცემულია,”-განაცხადეს ქუთაისის მერიაში.
შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები ქუთაისის მერიაში მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ საუბრობენ. მათივე ინფორმაციით, რეორგანიზაცია როგორც რიგით თანამშრომლებს, ასევე, სავარაუდოდ, მაღალი თანამდებობის პირებსაც შეეხება. მათივე განცხადებით, მერიაში “წმენდა” პოლიტიკური ნიშნით 2019 წლიდან ჩატარდება.