ქუთაისის მერია ცენტრალური ბაღის რეაბილიტაციის პროექტს მოსახლეობასთან ერთად განიხილავს.
ბულვარის რეაბილიტაციის ერთ-ერთი ვარიანტი მერის მრჩეველთა საბჭომ დღეს განიხილა, რომლის მიხედვით, ბულვარი არგონავტიკის თემატიკით დაიტვირთება.
“მუნიციპალიტეტმა პროექტირებაზე გამოაცხადა ტენდერი. გვყავს შემსრულებელი, რომელმაც წარმოადგინა გარკვეული ვარიანტები. ვაპირებთ, რომ ეს ვერსიები განვიხილოთ მოსახლეობასთან ერთად. შევჯერდებით ყველასთვის მისაღებ ვარიანტზე. გადაწყდება, იქნება თუ არა არგონავტიკის თემატიკა. გამოკითხვები ჩატარდება, რადგან ცენტრალური ბულვარის საკითხი არის მნიშვნელოვანი ქალაქისათვის, თან საიუბილეო თარიღია. მნიშვნელოვანია, როგორ სახეს მიიღებს ბულვარი,”-განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ.
ბულვარში იგეგმება გრანიტის ფილების დაგება. სავარაუდოდ, განთავსდება ქუთაისის ტურისტული ობიექტების მინიატურებიც. ასევე, მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა და განთავსდება დამატებითი მწვანე ნარგავები.
ბულვარში აღარ იქნება საზოგადოებრივი საპირფარეშო და ის ქალაქის სხვა ცენტრალურ ადგილზე განთავსდება.