ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშია”-ს ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი გიგა შუშანია არჩევნების მეორე ტურს აფასებს.
შუშანია ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩევლებს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ არჩევნებმა მასშტაბური მოსყიდვისა და გაყალბების ფონზე ჩაიარა.
“მადლობა 36 676 ქუთაისელს, რომლებმაც ქუთაისის განვითარებასა და საპარლამენტო დედაქალაქად დარჩენას მისცა ხმა. ასევე, იმ 2735 ამომრჩეველს, რომელთა ბიულეტენიც უკანონოდ გააუქმეს (უპრეცედენტო რაოდენობაა), რომ ქუთაისში 1%-იანი მოგება დაეფიქსირებინათ. მადლობა ყველა წარმომადგენელს, რომლებმაც მიუხედავად არნახული ზეწოლისა, ბოლომდე იბრძოლეს თითოეული ხმისათვის.
ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ხელისუფლებისა და კრიმინალების ერთობლივი სპეცოპერაცია ძალადობით, დაშინებით, მასშტაბური მოსყიდვით და გაყალბებით,”-აცხადებს გიგა შუშანია.
ცესკოს მონაცემებით, იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს.