ქუთაისში დაანონსებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის საჭირო თანხები ქალაქის 2019 წლის ბიუჯეტში ასახული არ არის.
ბიუჯეტის პროექტში არაფერია ნათქვამი ბოტანიკურ ბაღში საფეხმავლო ხიდის მშენებლობაზე, ასსაფეხურიანი კიბისა და რიონისპირა სახლების რეაბილიტაციაზე.
როგორც ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი დავით ნიშნიანიძე აცხადებს, აღნიშნული პროექტების დაფინანსებაზე მუშაობა მიმდინარეობს. მისივე თქმით, წლის განმავლობაში ბიუჯეტის მოცულობა გაიზრდება. ამ ეტაპზე, ქუთაისის ბიუჯეტში 800 000 ლარია გათვალისწინებული, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად დაიხარჯება.
“ამ თანხით შესაძლებელია როგორც კიბეების გაკეთება, ასევე იმ პროექტების, რომლებზეც იქნება მოთხოვნა,”-განაცხადა დავით ნიშნიანიძემ და განმარტა, რომ ბალახვნის კიბეების რეაბილიტაცია მერიამ რამდენჯერმე სცადა, თუმცა, ეკონომიკის სამინისტროს კიბეებთან არსებული ტერიტორია მერიისათვის კვლავ არ გადაუცია.
რაც შეეხება რიონისპირა სახლების რეაბილიტაციას, ნიშნიანიძის განმარტებით, პროექტი იმდენად მასშტაბურია, რომ მაშინ, როდესაც პროექტის დაფინანსებაზე განკარგულება არ არსებობს, წინასწარ მისი ასახვა ბიუჯეტში ვერ მოხდებოდა.
შეგახსენებთ, რომ რიონისპირა სახლების რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა ამ დროისათვის დაახლოებით 30 მილიონს შეადგენს.