საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ კამპანია “გაეცანი წარმოებას” დაიწყო.
კამპანიის ფარგლებში, პირველი რეგიონული გასვლა იმერეთის რეგიონში შედგა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ნინო ჩიქოვანი, ქუთაისში მდებარე საწარმო “ემჯიემტექსს” ესტუმრა. ვიზიტის მიმდინარეობისას პალატის პრეზიდენტი წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო.
“ემჯიემტექსი” ტექსტილისა და ტანისამოსის მწარმოებელი ქარხანაა, რომელსაც საკუთარი ნაწარმი ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში გააქვს. მათ შორის, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, რუმინეთში, იტალიასა და ავსტრიაში. საწარმოში ამ ეტაპზე 250 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.
ნინო ჩიქოვანმა საკვების გადამამუშავებელი სექტორის საწარმო “ბაია ფუდი” მოინახულა.
საწარმო მცირე ბიზნესის კატეგორიას განეკუთვნება, სადაც ამ ეტაპზე 17 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. ქარხანა ძირითადად მარცვლეულის გადამუშავებისა და ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოებით არის დაკავებული, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.
კამპანიის “გაეცანი წარმოებას” ძირითადი მიზანი ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია და საქართველოში მოქმედი საწარმოების საქმიანობის საზოგადოებისთვის გაცნობაა. სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები კამპანიის ფარგლებში წარმოების პროცესს ადგილზე დაათვალერებენ და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ბიზნეს-სექტორისთვის აქტუალური პრობლემატიკის შესახებ ინფორმაციას გაეცნობიან.
კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია საწარმოების მონახულება ქვეყნის ყველა რეგიონში.