“ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის წევრი გია უკლება “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბში ქუთაისის
ყოფილი მერის შოთა მურღულიას დაბრუნებას ეხმაურება. გია უკლებამ მურღულიას მერობის პერიოდი გაიხსენა და დაუსრულებელ პროექტებზეც ისაუბრა.
“გავრცელდა ინფორმაცია, რომ შოთა მურღულია “ქართული ოცნების” შტაბს ძველი გვარდიის სახელით დაუბრუნდა, თუმცა, ეს არა ძველი, არამედ კრიმინალური გვარდიაა. მურღულიას საგმირო საქმეები კარგად გვახსოვს ასათიანის ქუჩაზე. ქუჩის რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა, საქმე პროკურატურაშიც არის აღძრული. ძველი და ახალი კრიმინალები გაერთიანდნენ სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად,”-განაცხადა გია უკლებამ.
ოპოზიციის წევრი მოქმედი მერის საქმიანობასაც აფასებს და აცხადებს, რომ გიორგი ჭიღვარიას ნამოღვაწარი თეთრი ხიდიდან გამომდინარეც კარგად ჩანს.
“ჯერ ნიკო ნიკოლაძე და იაკობ ნიკოლაძე აერიათ, მერე თეთრ ხიდზე შეეშალათ ლექსის ავტორი. დღევანდელი მერი არის სრული უწიგნური და მას წარმოდგენა არ აქვს ქუთაისის კულტურასა და ისტორიაზე. “ქართული ოცნება” გასატანია ქვეყნიდან,”-განაცხადა უკლებამ.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ირწმუნება, რომ მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე უფრო მეტი უპირატესობით გაიმარჯვებს.
შეგახსენებთ, რომ თეთრ ხიდზე, ერთ-ერთ ლითონის ფირფიტაზე ამოტვიფრული ლექსის ავტორად კოლაუ ნადირაძე წერია. ნაწყვეტი ლექსიდან “აღსარება ქუთაისს” არის, რომელიც ტერენტი გრანელს ეკუთვნის. ქუთაისის მერიაში აღნიშნულს ტექნიკურ შეცდომას უწოდებენ.
ქუთაისში თეთრი ხიდი რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. გახსნიდან, 2 დღეში ხიდის საფარი დაზიანდა. ხიდის რეაბილიტაციის პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “ალმა რუს საქართველომ” შეასრულა. სამუშაოებისთვის 436 ათასი ლარი დაიხარჯა.