არსამთავრობო ორგანიზაციები რამდენიმე რეგიონში

მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირების მხრიდან   საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ა(ა)იპ-ების დირექტორებისათვის დავალებების მიცემაზე საუბობენ. საქმე ეხება სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზებას, პოტენციური მხარდამჭერების სიის შედგენას და  შესაბამის პირებთან გადააგზავნას

“დამკვირვებლების ცნობით, ა(ა)იპების თანამშრომლებმა წინასწარ მომზადებულ ბლანკებში მათი ოჯახის წევრების შესახებ პერსონალური მონაცემები უნდა შეავსონ. კერძოდ, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საარჩევნო უბნის ნომერი და ნათესაური კავშირი შესაბამის პირებთან.

ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა დამკვირვებლებთან საუბარში განაცხადეს, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების დავალებით მათ გადაეცათ ცარიელი ბლანკები, რომელშიც თითოეულმა ათი მხარდამჭერის პერსონალური მონაცემები უნდა მიუთითოს. მათივე ინფორმაციით, სიების შედგენა იმ მოტივით ხდება, რომ “ქართული ოცნების” მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვოს. ა(ა)იპ-ის თანამშრომლები ასევე აცხადებენ, რომ მსგავსი სიების შედგენას წინა ხელისუფლების დროსაც ავალებდნენ.

სამეგრელოში ერთ-ერთი ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა ორგანიზაციების დამკვირვებლებთან საუბრისას განაცხადეს, რომ მოცემულ ფაქტზე ღიად საუბრის შემთხვევაში შიშობენ, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებენ.

ზემოთ აღნიშნული ქმედებები, შეიცავს იძულების და ზეწოლის ნიშნებს, ასევე, წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ, რაც წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კანონმდებლობასთან. კერძოდ, საარჩევნო კოდექსით აკრძალულია სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას. ამ ქმედებით, ასევე ირღვევა საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს განკარგულება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან აცილების თაობაზე, რომელიც საჯარო მოსამსახურეებს შეახსენებს საარჩევნო კანონმდებლობით მათ მიმართ დადგენილ შეზღუდვებს.

ორგანიზაციები ფლობენ აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელ მტკიცებულებებსაც, თუმცა ა(ა)იპ-ებში დასაქმებული პირებისა და მათი ახლობელების შრომითი უფლებებისა და პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებენ.”- აღნიშნულია  საიას, სამართლიანი არჩევნებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში. ორგანიზაციები აღნიშნუკიდან გამომდინარე რეკომენდაციებს გასცემენ: 

“მივმართავთ:
მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირებსა და მმართველ პოლიტიკურ ძალას, საარჩევნოდ არ გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი;
საბიუჯეტო დაწესებულებაში დასაქმებულ პირებს, უარი თქვან პარტიული ინსტრუქციების შესრულებაზე და მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში ღიად ისაუბრონ აღნიშნულის შესახებ.”- წერია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *