“თავისუფალი საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ
და საარჩევნო შტაბის უფროსმა გოგი წულაიამ მუხნარის ტყეში დაზიანებული ხე მოჭრეს. პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლება მოსახლეობას დაზიანებული ხეების მოჭრის უფლებას არ აძლევს მაშინ, როცა ხეების უმეტესობა გამხმარია და მათ მოვლაზე არც შესაბამისი უწყებები ზრუნავენ. პარტიის წევრების განმარტებით, მოსახლეობა გამხმარი და წაქცეული ხეების შეშად გამოყენებისათვის ჯარიმდება, რაც არასწორია.
“რამდენი ხანია მუხნარის ტყე გასაჭირშია. აქ არსებული მდგომარეობა რამდენჯერმე გავაპროტესტე, თუმცა, ხელისუფლებას ყურადღება არ მოუქცევია. ამიტომ მოვედი, წაქცეული ხე დავჭერი და ჩავაწყვე მანქანაში. მოვუწოდებ ხელისუფლებას, თქვენს გასაკეთებელ საქმეს მე ნუ მაკეთებინებთ. მივმართავ მოსახლეობასაც, წაიღეთ დაზიანებული ხეები და გამოიყენეთ. ტყეში ხეები ლპება, ამ დროს კი სოციალურად დაუცველები იყინებიან,”-აცხადებს გოგი წულაია.
“თავისუფალი საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატის კახა კუკავას თქმით, მოსახლეობა ზამთარში გათბობის გარეშეა, იმ ფონზე, როდესაც მსხვილ ჩინურ კომპანიებს ტყეებში სამრეწველო ჭრების უფლება ეძლევათ.
“მუხნარის ტყეში გამხმარი ხეები ლპება. მთავრობა იქცევა ავი ძაღლივით, არც თვითონ ჭამს და არც სხვას აჭმევს,”-განაცხადა კახა კუკავამ.
“თავისუფალი საქართველოს” წევრებმა მოჭრილი ხის მასალა სოციალურად დაუცველ ოჯახს მიუტანეს.