“ნაციონალური მოძრაობის” წევრი
გიგა შუშანია ქუთაისის მერიას სასამართლოში უჩივის. შუშანია თვითმმართველობას საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. როგორც ოპოზიციის წევრი აცხადებს, მან საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მერიას 11 სექტემბერს მიმართა, თუმცა, პასუხი ჯერ არ მიუღია. შუშანია იმ ხარჯების შესახებ ითხოვდა ინფორმაციას, რომელიც ქუთაისელი მხატვრების იტალიაში ვიზიტსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, მათ შორის ქუთაისის მერის სტუმრობაზე დაიხარჯა.
გიგა შუშანია განმარტავს, რომ საბოლოოდ დაზარალებული მხატვრები გამოვიდნენ, რომლებმაც ვიზიტის ხარჯები საკუთარი ჯიბიდან დაფარეს და მათთვის თანხა არ აუნაზღაურებიათ. შუშანია ირწმუნება, რომ ქალაქის მერმა და მერიის წარმომადგენლებმა საკუთარი ვიზიტის ხარჯები ბიუჯეტიდან დაფარეს.
“თურმე, მხატვრებს არ მიუღიათ არც ერთი თეთრი. მასპინძელი მხარე მხოლოდ იქ ყოფნის ხარჯებს ანაზღაურებს. მერმა და მაღალჩინოსნებმა კი მგზავრობის, ყოველდღიური ხარჯებისა და საჩუქრების თანხა აიღეს ბიუჯეტიდან. ახლა გასაგებია, რატომ ვერ ვიღებ ინფორმაციას. ამ ისტორიიდან ვალში გადავარდნილი მხატვრები და ნარცისი მერი შეგვრჩა,”-განაცხადა გიგა შუშანიამ.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სასამართლოში სარჩელს საიასთან ერთად შეიტანს.
გიგა შუშანია აცხადებს, რომ ქალაქის მერმა ბოდიში უნდა მოიხადოს და მხატვრებს მგზავრობის ხარჯები უნდა აუნაზღაუროს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისელი მხატვრები იტალიაში, კოზენცაში აგვისტოში გაემგზავრნენ. მათ პლენერში მიიღეს მონაწილეობა. სწორედ იქ ყოფნის დროს დახატა მხატვარმა ლევან გოგიტაძემ ქუთაისის მერის პორტრეტი.