ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციასა და საკანონმდებლო
ორგანოს ქუთაისში დარჩენაზე კომენტარი მედიასთან გააკეთა. როგორც ნიკა ლატარიამ განაცხადა, უმრავლესობამ საკუთარი პოზიცია რამდენჯერმე დააფიქსირა. ლატარიას განმარტებით, საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში დატოვება საკრებულოს კომპეტენცია არ არის.
“ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია. ვფიქრობ, დაველოდოთ, რადგან ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია და გადაწყვეტს პარლამენტი. მჯერა, რომ საკითხი ისე გადაწყდება, როგორც ქუთაისისთვის იქნება უკეთესი. თუმცა, ახლაც ვსაუბრობდით, რომ ჩვენ ქალაქს დამატებით კიდევ ბევრი სიკეთე ემატება. დაველოდოთ, ყველაფერი კარგად იქნება. იქნება ისე, როგორც ქალაქისთვის იქნება უკეთესი,”-განაცხადა ნიკა ლატარიამ.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, გიგა შუშანიამ უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა და პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციასთან შეერთება სთხოვა.
ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ აქცია 12:00 საათზე დაიწყო. სამოქალაქო საზოგადოების წევრები ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოს დატოვებას ითხოვენ.