ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია,
საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების გამო, საზოგადოებას ბოდიშს უხდის. განცხადება მედიისათვის შენგელიამ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. როგორც დეპუტატი განმარტავს, მსგავსი რამ ქალაქის მერიის შენობაში არ უნდა ხდებოდეს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ ოპონენტები პროვოკაციებს აწყობენ და წინასაარჩევნო პერიოდის დაძაბვას ცდილობენ.
“მინდა მივმართო საზოგადოებას და მოვუხადო ბოდიში. საკრებულოს დეპუტატებს გაგვაჩნია მეტი თმენის ვალდებულება. ოპონენტები ყველანაირი მეთოდით ცდილობენ წინასაარჩევნო პერიოდის მშვიდ ვითარებაში ჩავლას შეუშალონ ხელი. ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას,”-განაცხადა ირაკლი შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი გია უკლება დღეს საკრებულოს სხდომის დაწყებამდე სცემეს.
როგორც “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის წევრი გია უკლება აცხადებს, დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოს დარბაზში დაიწყო და უმრავლესობის წარმომადგენლები მას სხდომაზე ყოფნის უფლებას არ აძლევდნენ. საქმის გარჩევამ ფოიეში ამის შემდეგ გადაინაცვლა. როგორც უკლება განმარტავს, დაპირისპირების მიზეზად მმართველი ძალა მის მიერ სალომე ზურაბიშვილსა და ამომრჩეველზე დაწერილ პოსტს ასახელებს. უკლებას აზრით, აღნიშნული ოცნების წარმომადგენლების განაწყენების რეალური მიზეზი არ არის და რეალურად ჩხუბი ქალაქის მერის კრიტიკას მოჰყვა.