“თავისუფალი საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა იმერეთის რეგიონში საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდა.
პარტიას შტაბები იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში ექნება და არჩევნებზე თითო საარჩევნო უბანზე ერთ დამკვირვებელს განათავსებს.
როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი აცხადებს, “თავისუფალი საქართველო” საიმედო დამკვირვებლებს ეძებს.
“მნიშვნელოვანია, რომ 3700 უბანზე გვყავდეს დამკვირვებლები. ვეძებთ სანდო და საიმედო ადამიანებს. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ კომისიის წევრები და დამკვირვებლები ხშირად იყიდებიან, ამის ხარჯზე კი ხდება არჩევნების გაყალბება. ჩვენი ამოცანაა 3700 წესიერი ადამიანის დანიშვნა უბანზე, რომლებიც ამომრჩევლების ხმებს დაიცავენ. მოვუწოდებ ყველას, პარტიის წევრებსა თუ პარტიებს გარეთ მყოფ ადამიანებს, მოვიდნენ ჩვენს ოფისებში და დარეგისტრირდნენ დამკვირვებლებად,”-განაცხადა კახა კუკავამ.
პრეზიდენტობის კანდიდატის განმარტებით, მოსახლეობის 70-80% იზიარებს მის საარჩევნო პროგრამას.
კახა კუკავას საარჩევნო დაპირებები 10 პუნქტისაგან შედგება და როგორც “თავისუფალ საქართველოში” აცხადებენ, სია ხალხის მოთხოვნებიდან გამომდინარეა შედგენილი. დაპირებები საწვავზე მონოპოლიის გაუქმებას, ნარკოტიკებთან ბრძოლას, “ანტიდისკრიმინაციული კანონის” გაუქმებასა და სხვა პუნქტებს მოიცავს.